საერთაშორისო გარიგებაში ხელშეკრულების ენა ტექნიკური დეტალი არ არის. ის განსაზღვრავს, რომელ ტექსტს წაიკითხავს მოსამართლე ან არბიტრი, როცა მხარეები პირობებს სხვადასხვაგვარად განმარტავენ. არსებობს ორი გავრცელებული მოდელი: ხელშეკრულება ერთ ენაზე და მისი ცალკე თარგმანი, ან ორენოვანი ხელშეკრულება, სადაც ორივე ტექსტი ერთ დოკუმენტშია.
ამ სტატიაში ავხსნით, რით განსხვავდება ეს მოდელები, რა რისკი ახლავს თითოეულს და როდის რომელი ჯობს. ბოლოს მოცემულია ჩამონათვალი, რა უნდა შეამოწმოთ ორენოვან ხელშეკრულებაში ხელმოწერამდე.
ჩვეულებრივი ხელშეკრულება და ცალკე თარგმანი
ამ მოდელში არსებობს ერთი ხელმოწერილი დედანი, მაგალითად ინგლისურ ენაზე, და მისი თარგმანი, როგორც დამხმარე დოკუმენტი. თარგმანს ხელს არავინ აწერს და იურიდიული ძალა არ აქვს: ის მხოლოდ იმისთვისაა, რომ მეორე მხარემ ან მისმა ბუღალტერმა ტექსტი გაიგოს.
რისკები:
- ერთი მხარე თარგმანს ეყრდნობა, რომელსაც ხელი არ მოუწერია. დავისას ის ვერ მიუთითებს თარგმანზე - სასამართლო დედანს წაიკითხავს;
- ვერსიები შორდება ერთმანეთს - დედანში ცვლილება შედის, თარგმანი კი ძველი რჩება, და ექვსი თვის შემდეგ კომპანიის ბუღალტერია სხვა პირობებით მუშაობს;
- ნუმერაცია ირევა - მუხლი 8.2 დედანში შეიძლება 8.3 იყოს თარგმანში, და მიმოწერაში მითითებული მუხლი სხვა ვალდებულებას ეხება;
- ხარისხი უცნობია - ცალკე თარგმანს ხშირად თანამშრომელი ან ავტომატური მთარგმნელი ამზადებს, და მასში ტერმინების აღრევა ხელმოწერამდე არავის შეუმჩნევია.
ეს მოდელი მაინც სწორია ბევრ შემთხვევაში: როცა ერთი მხარე დედნის ენას ფლობს, თარგმანი შიდა გამოყენებისთვისაა, ან ქართულ ბანკს თუ რეესტრს მხოლოდ ინფორმაციისთვის სჭირდება.
ორენოვანი ხელშეკრულება: ერთი დოკუმენტი ორ სვეტად
ორენოვანი ხელშეკრულება ერთი დოკუმენტია ორ სვეტად: მარცხნივ ერთი ენა, მარჯვნივ - მეორე. თითოეული მუხლი თავის თარგმანის გვერდითაა, და მხარეები ხელს აწერენ ორივე ტექსტს ერთდროულად.
უპირატესობები:
- ერთი დოკუმენტი, ერთი ხელმოწერა - ორივე მხარე ხელს აწერს იმ ტექსტს, რომელსაც კითხულობს, და "lost in translation" დავის საფუძველი აღარ არსებობს;
- სწრაფი შედარება - თითოეული მუხლი თავის თარგმანის გვერდითაა, და იურისტი შეუსაბამობას მოლაპარაკების ეტაპზე ხედავს;
- ერთიანი ცვლილებები - შესწორება ორივე ენაზე ერთდროულად შედის, ცალკე ფაილი არ არსებობს;
- ქართული უწყებები - საჯარო რეესტრის ინსტრუქცია უცხოენოვან გარიგებას ქართულ თარგმანს ითხოვს; ორენოვან ხელშეკრულებაში ქართული ტექსტი დოკუმენტშივეა.
ორენოვან ფორმატს უარყოფითი მხარეც აქვს: მომზადებას მეტი დრო სჭირდება, რადგან ყოველი ცვლილება ორივე სვეტში უნდა აისახოს, და ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი მხოლოდ მაშინ იკეტება, როცა ორივე ვერსია შეთანხმებულია.
Prevailing Language: ერთი წინადადება, რომელიც დავას წყვეტს
ორენოვან ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა ეწეროს, რომელ ენას აქვს უპირატესი ძალა წინააღმდეგობის შემთხვევაში. მაგალითად: "In case of any discrepancy between the English and Georgian versions, the English version shall prevail."
ამ დათქმის გარეშე ორივე ვერსია თანაბარი ძალისაა. თუ მათ შორის განსხვავება აღმოჩნდა, სასამართლოს ან არბიტრს მოუწევს გაარკვიოს, რა იგულისხმეს მხარეებმა - და ეს დრო და ხარჯია, რომლის შედეგიც წინასწარ არავინ იცის.
უცხოელ ინვესტორს, როგორც წესი, ინგლისური ვერსიის უპირატესობა სურს, ქართულ კომპანიას - ქართულის. ხშირი კომპრომისია, რომ უპირატესი ენა იყოს იმ ქვეყნის ენა, რომლის სამართლითაც რეგულირდება ხელშეკრულება, ან ის ენა, რომელზეც მიმდინარეობს არბიტრაჟი.
უპირატესი ენის დათქმა ცუდ თარგმანს არ ასწორებს. თუ ქართული სვეტი შეცდომით არის სავსე, ქართველი დირექტორი მაინც სხვა პირობებს აწერს ხელს, ვიდრე ფიქრობს. დათქმა მხოლოდ იმას წყვეტს, რომელი ვერსია "იგებს" დავაში.
მაგალითი: ერთი სიტყვა, ორი ვალდებულება
წარმოიდგინეთ მიწოდების ხელშეკრულება ქართულ მწარმოებელსა და გერმანელ დისტრიბუტორს შორის. ინგლისურ ტექსტში წერია: "The Supplier shall use reasonable endeavours to deliver the Goods by 1 March". ქართულ თარგმანში, რომელიც მწარმოებლის თანამშრომელმა მოამზადა: "მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს საქონელი 1 მარტამდე".
ინგლისური ტექსტი ძალისხმევის ვალდებულებაა: მიმწოდებელმა უნდა ეცადოს. ქართული ტექსტი შედეგის ვალდებულებაა: მიმწოდებელმა უნდა მიაწოდოს. თუ მიწოდება დაგვიანდა, ქართველი დირექტორი ფიქრობს, რომ ხელშეკრულება დაარღვია, გერმანელი ადვოკატი კი - რომ არა. თუ ხელშეკრულება ორენოვანია და უპირატესი ენა ინგლისურია, დავა ინგლისური ტექსტით გადაწყდება. თუ უპირატესი ენა მითითებული არ არის, ორივე მხარეს თავისი არგუმენტი აქვს.
სად იბადება შეუსაბამობა ორ ვერსიას შორის
ორენოვანი ხელშეკრულების შემოწმებისას ყველაზე ხშირად ვპოულობთ:
- Shall და may - ერთ სვეტში ვალდებულებაა, მეორეში შესაძლებლობა;
- Indemnity და Guarantee - ორი სხვადასხვა ვალდებულება ქართულად ერთი სიტყვით;
- Business days და calendar days - ვადის ათვლა სვეტებს შორის განსხვავდება;
- Including but not limited to - ერთ ვერსიაში ჩამონათვალი ღიაა, მეორეში ამომწურავი;
- თანხები და ვალუტა - ციფრი ერთია, სიტყვიერი ჩანაწერი სხვა.
ყველაზე სახიფათო Force Majeure, Jurisdiction და Liability პუნქტებია, რადგან სწორედ მათ კითხულობენ პირველად, როცა რამე ცუდად მიდის. დაწვრილებით: ხელშეკრულების თარგმნა.
რომელი ავირჩიოთ?
- ორენოვანი - როცა ორივე მხარე ხელს აწერს და თითოეულს საკუთარ ენაზე სურს ტექსტის წაკითხვა: მიწოდება, დისტრიბუცია, იჯარა, სესხი, შრომითი ხელშეკრულება უცხოელ თანამშრომელთან, პარტნიორთა შეთანხმება;
- ჩვეულებრივი თარგმანი - როცა თარგმანი მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის, ბანკისთვის ან ინფორმაციისთვის გჭირდებათ, ან როცა ორივე მხარე დედნის ენას ფლობს.
თუ ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია ერთ ენაზე, ორენოვან ვერსიაზე გადასვლა შესაძლებელია ცვლილების შეთანხმებით, რომელსაც მხარეები ხელახლა აწერენ ხელს. თუ უკვე გაქვთ ორივე ვერსია, მაგრამ მათ შესაბამისობაში დარწმუნებული არ ხართ, შესაძლებელია მხოლოდ შემოწმება და რედაქტირება: რედაქტირება და კორექტურა.
ჩამონათვალი ხელმოწერამდე
- ხელშეკრულებაში ჩაწერილია უპირატესი ენა;
- მუხლების ნუმერაცია ორივე სვეტში ემთხვევა;
- განმარტებების (Definitions) მუხლის ყოველი ტერმინი ორივე ენაზე ერთნაირად გამოიყენება მთელ ტექსტში;
- თანხები, ვალუტა, პროცენტები და ვადები ორივე სვეტში იდენტურია;
- დანართები ორივე ენაზეა, ან ხელშეკრულებაში წერია, რომელ ენაზეა ისინი;
- მხარეთა დასახელებები და საიდენტიფიკაციო ნომრები ემთხვევა რეესტრის ამონაწერს.
როგორ ვამზადებთ ორენოვან ფორმატს
TARGMANEBI ორენოვან ხელშეკრულებას ამზადებს Word-ში, ცხრილის სახით, ერთიანი ნუმერაციით და განმარტებების ლექსიკონით, რომ თქვენმა იურისტმა ტექსტის რედაქტირება შეძლოს. Force Majeure, Jurisdiction და Liability პუნქტებს ორჯერ ვამოწმებთ, საჭიროების შემთხვევაში NDA-ს ფაილის მიღებამდე ვაწერთ ხელს. სტანდარტული ხელშეკრულება მზადდება იმავე ან მომდევნო დღეს.
როგორ შეუკვეთოთ ორენოვანი ხელშეკრულება
გამოგვიგზავნეთ ტექსტი
ხელშეკრულების ბოლო ვერსია Word-ში ან PDF-ში.
მიუთითეთ ენები
რომელ ენაზე იქნება მეორე სვეტი და რომელს ექნება უპირატესი ძალა.
ვთარგმნით და ვამოწმებთ
ერთიანი ტერმინოლოგიით, კრიტიკული პუნქტების ორმაგი შემოწმებით.
იღებთ ორ სვეტს
Word-ის ცხრილში, ხელმოწერისთვის მზად.
ხელშეკრულება ორ ენაზე გჭირდებათ? გამოგვიგზავნეთ ტექსტი - სტანდარტული ხელშეკრულება მზად იქნება იმავე ან მომდევნო დღეს.
დარეკვა: 501 113 200ხშირად დასმული კითხვები
აქვს თუ არა ორენოვან ხელშეკრულებას იურიდიული ძალა საქართველოში?
დიახ. ორენოვან ხელშეკრულებაში მხარეები ხელს ორივე ტექსტს აწერენ, და თუ უპირატესი ენა არ არის მითითებული, ორივე ვერსია თანაბარი ძალისად განიხილება. სწორედ ამიტომ არის საჭირო უპირატესი ენის დათქმა.
თუ უპირატესი ენა არ არის მითითებული, რა ხდება?
ორივე ვერსია თანაბარი ძალისაა, და შეუსაბამობის შემთხვევაში სასამართლო ან არბიტრი მხარეთა ნებას ხელშეკრულების მთლიანი შინაარსით განმარტავს. შედეგი წინასწარ უცნობია.
სჭირდება თუ არა ორენოვან ხელშეკრულებას ნოტარიული დამოწმება?
ეს გარიგების ტიპზეა დამოკიდებული და არა ენაზე. ზოგი გარიგება კანონით მოითხოვს ნოტარიულ ფორმას, ზოგი - არა. ცალკე საკითხია თარგმანის ნოტარიული დამოწმება, რომელსაც ბანკი ან უცხოეთის უწყება შეიძლება ითხოვდეს.
შეიძლება ხელშეკრულება სამ ენაზე იყოს?
დიახ, სამი სვეტით ან სამი ცალკე ეგზემპლარით. ამ შემთხვევაში უპირატესი ენის დათქმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
უკვე გვაქვს ორივე ვერსია. შეგიძლიათ მხოლოდ შეამოწმოთ?
დიახ. ორ სვეტს პუნქტ-პუნქტ ვადარებთ და შენიშვნებს ცვლილებების რეჟიმში გიბრუნებთ, ხელმოწერამდე.
ორენოვან ხელშეკრულებაში დანართებიც ორ ენაზე უნდა იყოს?
სასურველია. თუ დანართი მხოლოდ ერთ ენაზეა, ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს, რომელ ენაზეა ის და რომ მხარეებმა მისი შინაარსი იციან. სხვაგვარად დავისას მეორე მხარე შეიძლება განაცხადოს, რომ დანართი არ წაუკითხავს.
რამდენ ხანში მზადდება ორენოვანი ხელშეკრულება?
სტანდარტული ხელშეკრულება - იმავე ან მომდევნო დღეს. დიდ კონტრაქტს დანართებით ვაბარებთ ხელმოწერის თარიღზე მორგებული გრაფიკით.