მთავარი / მინდობილობის თარგმნა / უცხოეთიდან გამოგზავნილი მინდობილობა

უცხოეთიდან გამოგზავნილი მინდობილობის თარგმნა

ემიგრანტი ბინას ყიდის თბილისში, უცხოელი ინვესტორი ბათუმში ქონებას იძენს, დამფუძნებელი საქართველოში კომპანიას არეგისტრირებს - და არცერთი მათგანი ადგილზე არ არის. მათ ნაცვლად მოქმედებს წარმომადგენელი, უცხოეთში გაფორმებული მინდობილობით. ქართულ უწყებაში ეს მინდობილობა ქართული თარგმანის გარეშე არ მიიღება.

უცხოური მინდობილობა საქართველოში ჩვეულებრივ სამი ფენისგან შედგება: თვითონ მინდობილობის ტექსტი, უცხოელი ნოტარიუსის დამადასტურებელი წარწერა და აპოსტილი ან საკონსულო ლეგალიზაცია. ქართულ უწყებას სამივე ესაჭიროება ქართულად, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით.

ამ გვერდზე ავხსნით, როგორ უნდა იყოს დამოწმებული მინდობილობა საქართველოში გამოსაყენებლად, რას ამოწმებს საჯარო რეესტრი და რატომ ითხოვს რეესტრი ან ბანკი ხშირად ახალ მინდობილობას. თარგმანი მზადდება იმავე ან მომდევნო დღეს, ნოტარიული დამოწმებით.

ვის სჭირდება უცხოური მინდობილობის თარგმანი

  • ემიგრანტებს, რომლებიც საქართველოში ბინას ყიდიან, ყიდულობენ, აქირავებენ ან ჩუქნიან ნათესავის მეშვეობით;
  • უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც უძრავ ქონებას იძენენ და ხელშეკრულებას ადგილობრივი წარმომადგენლის საშუალებით აფორმებენ;
  • დამფუძნებლებს, რომლებიც კომპანიას არეგისტრირებენ, პარტნიორად შედიან ან წილს ყიდიან;
  • მემკვიდრეებს, რომლებიც სამკვიდროს მიღებას ან უარს წარმომადგენლით აფორმებენ;
  • ბანკის კლიენტებს - ანგარიშის გახსნის, დახურვის, სესხის ან დეპოზიტის საკითხზე;
  • სასამართლო საქმის მხარეებს, რომლებსაც საქართველოში ადვოკატი წარმოადგენს.

აპოსტილი, ლეგალიზაცია თუ საკონსულო

სანამ მინდობილობას ვთარგმნით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის საქართველოში გამოსაყენებლად სწორად არის დამოწმებული. გზა დამოკიდებულია ქვეყანაზე, სადაც მინდობილობა გაფორმდა:

  • ჰააგის 1961 წლის კონვენციის წევრი ქვეყანა - მინდობილობას უცხოელ ნოტარიუსთან გაფორმების შემდეგ იმავე ქვეყნის კომპეტენტური ორგანო აპოსტილს უსვამს. საქართველო კონვენციის წევრია, ამიტომ დამატებითი ლეგალიზაცია საჭირო არ არის;
  • ქვეყანა, რომელიც კონვენციის წევრი არ არის - საჭიროა საკონსულო ლეგალიზაცია, რომელიც უფრო მეტ ნაბიჯსა და დროს მოითხოვს;
  • ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულება აქვს - ზოგ შემთხვევაში დოკუმენტი აპოსტილისგანაც თავისუფლდება. ეს თითოეულ ქვეყანასა და მიმღებ უწყებასთან წინასწარ უნდა გადამოწმდეს;
  • საქართველოს საკონსულო - საკონსულოში გაფორმებული მინდობილობა ქართულ ენაზე დგება, ამიტომ საქართველოში მას არც თარგმანი სჭირდება და არც აპოსტილი.

ორი გზის შედარება, ვადები და პრაქტიკული რჩევები ცალკე სტატიაშია: როგორ გამოვაგზავნოთ მინდობილობა უცხოეთიდან საქართველოში. აპოსტილისა და ლეგალიზაციის განსხვავებაზე: აპოსტილი თუ ლეგალიზაცია.

რა ითარგმნება: ტექსტი, ნოტარიუსის წარწერა და აპოსტილი

ქართულ უწყებაში წარსადგენი თარგმანი მთელ დოკუმენტს მოიცავს, ბოლო ბეჭდის ჩათვლით:

  • მინდობილობის ტექსტი - მხარეები, უფლებამოსილებები, ვადა, გადანდობის უფლება და დამატებითი პირობები;
  • უცხოელი ნოტარიუსის წარწერა - აშშ-ში ეს ხშირად acknowledgment-ია, რომლითაც ნოტარიუსი ადასტურებს, რომ ხელმომწერი მის წინაშე გამოცხადდა და ხელმოწერა თავისად აღიარა. ზოგ ქვეყანაში ნოტარიუსი ცალკე ფურცელზე აფორმებს დამოწმებას, და ისიც ითარგმნება;
  • აპოსტილი - სტანდარტული ფორმა 10 დანომრილი ველით: ქვეყანა, ხელმომწერი, მისი თანამდებობა, ბეჭედი, ადგილი, თარიღი, გამცემი ორგანო, ნომერი, ბეჭედი და ხელმოწერა. თითოეული ველი ითარგმნება;
  • დანართები - პასპორტის ასლი, რეესტრის ამონაწერი, კომპანიის დოკუმენტები, თუ ისინი მინდობილობის ნაწილია.

ორენოვან მინდობილობაშიც, სადაც ტექსტი ორ სვეტად არის დაწერილი, ქართული ნაწილი უნდა ემთხვეოდეს უცხოენოვანს. თუ ასეთ დოკუმენტში ქართული სვეტი უცხოელმა ნოტარიუსმა მოამზადა და ის დედანს არ ემთხვევა, ამას შეკვეთისთანავე გატყობინებთ, რადგან უწყება სწორედ ამ შეუსაბამობაზე იტყვის უარს.

რას ამოწმებს საჯარო რეესტრი

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უცხოური მინდობილობა ყველაზე ხშირად საჯარო რეესტრში მიდის. რეგისტრაციას აფერხებს არა ენა, არამედ შეუსაბამობა მინდობილობის ქართულ თარგმანსა და რეესტრის ჩანაწერს შორის:

  • საკადასტრო კოდი - უნდა იყოს მინდობილობაში და თარგმანში ზუსტად ისე, როგორც რეესტრის ამონაწერშია, ყველა წერტილით;
  • მესაკუთრის სახელი ქართულად - თუ უცხოელი მესაკუთრე რეესტრში უკვე რეგისტრირებულია, მისი სახელი თარგმანში იმავე ქართული ფორმით უნდა ჩაიწეროს, რაც რეესტრის ჩანაწერშია. ამიტომ ამონაწერს თარგმნამდე ვითხოვთ;
  • უფლებამოსილებების მოცულობა - „ქონების მართვის“ უფლება გაყიდვას არ მოიცავს. თუ წარმომადგენელმა უნდა გაყიდოს, ფასი განსაზღვროს, ხელშეკრულებას მოაწეროს და თანხა მიიღოს, თითოეული უფლება მინდობილობაში უნდა ეწეროს;
  • ვადა - ვადაგასული მინდობილობით გარიგება არ რეგისტრირდება, და ვადის გაგრძელება მხოლოდ ახალი მინდობილობით შეიძლება;
  • ორიგინალი - უწყებას, როგორც წესი, მინდობილობის აპოსტილიანი ორიგინალი სჭირდება, არა სკანი. ორიგინალი თარგმანს ნოტარიულ დამოწმებაზე ერთვის.

მინდობილობა ჯერ არ გაგიფორმებიათ? გამოგვიგზავნეთ პროექტი უცხოელ ნოტარიუსთან ხელმოწერამდე. ვნახავთ, არის თუ არა მასში საკადასტრო კოდი, სწორი მონაცემები და საჭირო უფლებები - ერთი დამატებითი შემოწმება ხშირად მეორე აპოსტილსა და ახალ კურიერს გიზოგავთ.

კომპანიის რეგისტრაცია და ბანკი

მეწარმეთა რეესტრი საჯარო რეესტრის ნაწილია, ამიტომ კომპანიის რეგისტრაციისთვის, წილის გასხვისებისთვის ან დირექტორის შეცვლისთვის გამოგზავნილ მინდობილობაზე იგივე წესი ვრცელდება: აპოსტილი ან ლეგალიზაცია და ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. თუ მინდობილობას უცხოური კომპანია გასცემს, ხშირად ითარგმნება მისი სარეგისტრაციო ამონაწერი ან დირექტორის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიც.

ბანკებს ხშირად საკუთარი მოთხოვნები აქვთ: ზოგი ბანკი უცხოურ მინდობილობას მხოლოდ კონკრეტული ოპერაციის აღწერით იღებს, ზოგი კი საკუთარ ფორმას ითხოვს. ბანკში წასვლამდე მისი მოთხოვნა წერილობით აიღეთ და ჩვენ გამოგვიგზავნეთ.

რატომ ითხოვს უწყება ახალ მინდობილობას

უცხოური მინდობილობის უარყოფა ყველაზე ძვირი შეცდომაა: ახალი ხელმოწერა უცხოეთში, ახალი აპოსტილი, ახალი კურიერი და დაკარგული კვირები. ჩვენი გამოცდილებით, მიზეზები თითქმის ყოველთვის ერთი და იგივეა:

  • აპოსტილი დაისვა ასლზე ან სხვა დოკუმენტზე, მინდობილობის ორიგინალი კი აპოსტილის გარეშე დარჩა;
  • მინდობილობაში სახელი ლათინურად სხვანაირად წერია, ვიდრე პასპორტში, ან წარმომადგენლის პირადი ნომერი ერთი ციფრით განსხვავდება;
  • უფლებები უცხოური სამართლის ტერმინებითაა აღწერილი, რომლებსაც ქართულ სამართალში პირდაპირი შესატყვისი არ აქვს, და კონკრეტული მოქმედება, მაგალითად ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ცალკე არ არის დასახელებული;
  • გადანდობის უფლება არ წერია, წარმომადგენელს კი საქმის ადვოკატისთვის გადაბარება სჭირდება;
  • დამფუძნებელი კომპანიის სახელით მოქმედებს, მაგრამ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც მის უფლებამოსილებას ადასტურებს;
  • მინდობილობა იმდენად ძველია, რომ მიმღებს მისი ძალაში ყოფნა ეჭვს უჩენს, ან ვადა უკვე გავიდა.

თარგმანი ამ ხარვეზებს ვერ გამოასწორებს, რადგან ის დედანს ასახავს. მაგრამ შეგვიძლია ისინი თარგმნის დაწყებისთანავე შევნიშნოთ და გაცნობოთ, სანამ დოკუმენტს უწყებაში წარადგენთ, ან, უკეთეს შემთხვევაში, მინდობილობის პროექტში ხელმოწერამდე.

იურიდიული კომპანიებისა და დეველოპერებისთვის

ადვოკატები, დეველოპერები და უძრავი ქონების სააგენტოები უცხოურ მინდობილობებს რეგულარულად იღებენ. მათთვის მთავარია, რომ ერთი კლიენტის ყველა დოკუმენტში სახელი, მისამართი და ტერმინები ერთნაირად იწერებოდეს. ამიტომ თითოეულ კლიენტზე ვინახავთ ერთიან ტერმინების სიას, რომელიც ვრცელდება მის ყველა შემდეგ დოკუმენტზე: მინდობილობაზე, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, ამონაწერზე და კორესპონდენციაზე.

კომპანიებთან ვმუშაობთ ხელშეკრულებით და ინვოისით, კონფიდენციალურობის შეთანხმებით. დოკუმენტის შინაარსზე AI არ გამოიყენება. დაწვრილებით: მომსახურება კომპანიებისთვის და იურიდიული კომპანიებისთვის.

ვადა

უცხოური მინდობილობის თარგმანი მზადდება იმავე ან მომდევნო დღეს, ნოტარიული დამოწმების ჩათვლით. სკანით შეგვიძლია თარგმნა დავიწყოთ მანამდე, სანამ კურიერი ორიგინალს ჩამოიტანს, ნოტარიული დამოწმება კი ორიგინალის მიღებისთანავე მოხდება.

როგორ შევუკვეთოთ

1

გამოგვიგზავნეთ სკანი

მინდობილობის, ნოტარიუსის წარწერისა და აპოსტილის ყველა გვერდის სკანი WhatsApp-ზე ან ელფოსტაზე.

2

მიუთითეთ უწყება

საჯარო რეესტრი, ნოტარიუსი, ბანკი, სასამართლო თუ კომპანიის რეგისტრაცია. ქონების შემთხვევაში დაურთეთ ამონაწერი.

3

ჩამოგვიტანეთ ორიგინალი

ორიგინალი შეგიძლიათ ოფისში მოიტანოთ ან კურიერით გამოგზავნოთ. ნოტარიული დამოწმებისთვის ის აუცილებელია.

4

მიიღეთ თარგმანი

ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი მზად იქნება იმავე ან მომდევნო დღეს.

მინდობილობა უკვე გზაშია? გამოგვიგზავნეთ სკანი დღესვე - თარგმანს იმავე ან მომდევნო დღეს მიიღებთ.

დარეკვა: 501 113 200

ხშირად დასმული კითხვები

აპოსტილის ტექსტიც ითარგმნება?

დიახ. ქართულ უწყებაში წარსადგენი თარგმანი მოიცავს მინდობილობის ტექსტს, უცხოელი ნოტარიუსის წარწერას და აპოსტილის ყველა ველს.

მინდობილობა საქართველოს საკონსულოში გავაფორმე. თარგმანი საჭიროა?

არა. საკონსულოში გაფორმებული მინდობილობა ქართულ ენაზე დგება და საქართველოში თარგმანისა და აპოსტილის გარეშე გამოიყენება.

შეიძლება თარგმანი სკანით გაკეთდეს?

თარგმნა სკანით შეგვიძლია დავიწყოთ, მაგრამ ნოტარიული დამოწმებისთვის და უწყებაში წარსადგენად, როგორც წესი, მინდობილობის აპოსტილიანი ორიგინალი გჭირდებათ.

უცხოელის სახელი ქართულად როგორ ჩაიწერება?

თუ პირი საქართველოს რეესტრში ან სხვა ქართულ დოკუმენტში უკვე ჩაწერილია, ვიყენებთ იმავე ქართულ ფორმას. სხვა შემთხვევაში სახელს პასპორტის მიხედვით ვწერთ და იმავე ფორმას ვინახავთ ყველა შემდეგ დოკუმენტში.

რამდენ ხანში მზადდება უცხოური მინდობილობის თარგმანი?

იმავე ან მომდევნო დღეს, ნოტარიული დამოწმების ჩათვლით. აპოსტილის ან ლეგალიზაციის ვადა უცხოური ორგანოს ვადაა და ჩვენს ვადაში არ შედის.

მინდობილობაში საკადასტრო კოდი არ წერია. მიიღებს რეესტრი?

ამას რეესტრი წყვეტს, თუმცა ქონების გაყიდვის ან შეძენის მინდობილობაში ქონების ზუსტი იდენტიფიკაცია, მათ შორის საკადასტრო კოდი, ხშირად აუცილებელია. ჯობს კოდი ხელმოწერამდე ჩაიწეროს.

T

TARGMANEBI

TARGMANEBI - უცხოური მინდობილობის, ნოტარიუსის წარწერისა და აპოსტილის თარგმნა ქართულად, ნოტარიული დამოწმებით, იმავე ან მომდევნო დღეს - 501 113 200.

☎ უცხოური მინდობილობის თარგმნა? დაგვირეკეთ 501 113 200